28 июня 2023

პირველი “ომის მოწინააღმდეგე” რუსები საქართველოში: როგორ დასახლდნენ აქ მალაკნები და დუხობორები მე-19 საუკუნეში და როგორ წარიმართა მათი ცხოვრება

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო საქართველოში ათასობით მიგრანტი ჩამოვიდა. ოფიციალური მონაცემებით 2022 წლის ბოლოსათვის ქვეყანაში დარჩა 62 ათასი რუსი და 20 ათასი უკრაინელი მოქალაქე. ეს არ არის ემიგრაციის პირველი ტალღა: მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში აქ მასიურად ჩამოდიოდნენ რუსულენოვანი პოეტები, მწერლები და მხატვრები.

თუმცა, ათასობით მიგრანტი საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმოჩნდა. რუსეთის მთავრობა საქართველოში პირველ «ომის მოწინააღმდეგე რუსებს» ასახლებდა — სექტანტებს, მალაკნებს და დუხობორებს, რომლებმაც პაციფისტური პრინციპები აირჩიეს. ისტორიკოსი ალექსანდრე ორლოვი სპეციალურად Paper Kartuli-სთვის ყვება მათ ისტორიას.

წაიკითხეთ, რატომ დასახლდნენ საქართველოში სექტანტი-პაციფისტები, რატომ დაწვეს თავიანთი იარაღი, რა გავლენა მოახდინა მათზე ლევ ტოლსტოიმ და რა დაემართათ მათ მე-20 საუკუნის შემდეგ.

ვინ არიან დუხობორები და მალაკნები

მე-18 საუკუნის საეკლესიო რეფორმის შემდეგ, რომელსაც მოჰყვა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილება, მრავალი რუსი განუდგა მართმადიდებლობას: პირველები და ყველაზე ცნობილები იყვნენ სტაროვერები. ზოგიერთები უფრო შორს წავიდნენ და შექმნეს მიმდინარეობა, რომელიც ცნობილი გახდა როგორც სულიერი ქრისტიანობა.

სულიერ ქრიტიანებს უწოდებენ მალაკნებს, დუხობორებს, სუბოტნიკებს და ა.შ. ეს მიმდინარეობები გაჩნდა მე-18 საუკუნეში და ძირითადად გლეხებში გავრცელდა — წერდა ისტორიკოსი ნ. ნიკოლსკი წიგნში «რუსული ეკლესიის ისტორია». თავიანთი მორწმუნეობის მიხედვით ეს ჯგუფები ახლოს იყო ევროპულ პროტესტანტობასთან, რომელიც უარყოფდა საეკლესიო იერარქიას, სადღესასწაულო რიტუალებს და ა.შ.

რით განსხვავდებიან მალაკნები, დუხობორები და სუბბოტნიკები

მალაკნების რელიგიაში მთავარი ბიბლია იყო. ისინი მას ერთადერთ რელიგიურ ავტორიტეტულ და სულიერი სწავლების წყაროდ განიხილავდნენ.

დუხობორებისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი საკუთარი ფსალმუნები და სულიერი ჰიმნები იყო, რომელსაც «ცხოველთა წიგნს» უწოდებდნენ.

დუხობორები დარწმუნებულნი იყვნენ ღვთაებრივი სულის არსებობაში ყველა ადამიანში.

თავის მხრივ, სუბოტნიკები იუდაიზმის მიმბაძველები იყვნენ და ძირითად დოგმად ძველ აღთქმას მიიჩნევდნენ.

სულიერი ქრისტიანების დოგმა პრაქტიკულად იყო ღვთისმსახურება ხატების, მღვდლების და სხვა საკულტო რიტუალის გარეშე.

მალაკნების სახელის წარმოშობა გაურკვეველია. ზოგი მდინარე «მოლოჩნის» უკავშირებს მელიტოპოლის მხარეში, სადაც მალაკნების დიდი თემი ცხოვრობდა, ზოგი კი რძის სმას მარხვის დროს. თავად მალაკნები ბიბილიის «სულიერ რძეზე“ მიუთითებენ.

დუხობორებს სახელი მართლმადიდებელმა არქიეპისკოპოსმა ამბროსიმ (სერებრენნიკოვი) ან ნიკიფორმა (ფეოტოკი) უწოდა, რადგან მათ სწავლებას სული წმინდას წინააღმდეგ ბრძოლად მიიჩნევდა. დუხობორებმა კი ეს სახელწოდება, პირიქით, სული წმინდას დამცველებად გაიაზრეს.

სუბბოტნიკებს ეს სახელი იმიტომ ჰქვიათ, რომ წმინდა დღედ შაბათს თვლიან (როგორც ებრაელები).

სულიერი ქრისტიანების მთავარი თვისება პაციფიზმი იყო. მათ უარი თქვეს რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურზე და იარაღის ტარებაზე, თავშესაფარს აძლევდნენ დეზერტირებს, ნაპოლეონისდროინდელ ომების დროსაც კი.

დუხობორული პაციფიზმის ყველაზე აშკარა გამოვლინება — იარაღის მასიურად დაწვა სამხედროში გაწვევის და უწინდელი ცხოვრების პროტესტის ნიშნად — სწორედ საქართველოში მოხდა 1895 წელს.

როგორ გაასახლეს სექტანტი-პაციფისტები საქართველოში და რომელ რეგიონებში დაასახლეს ისინი

რუსეთის იმპერიისათვის «არამართლმადიდებელ რუსთა» (როგორც მათ ხელისუფლება უწოდებდა) თემები პრობლემას წარმოადგენდა, რამდენადაც ის არღვევდა თეზისს თვითმპყრობელობის ერთგულ მართლმადიდებელ ერზე.

მიუხედავად ამისა, ეკატერინე II- ის და ალექსანდრე I-ის დროს მნიშვნელოვანი რეპრესიები მალაკნებისა და დუხბორების წინააღმდეგ არ ხორციელდებოდა. უფრო მეტიც, 1818 წელს ალექსანდრე I ესტუმრა დუხობორების სოფელს «ტერპენიეს» (მოთმინება) თანამედროვე ზაპოროჟიის ოლქის ტერიტორიაზე, როგორც წერია კრებულში «დოკუმენტები დუხობორების ისტორიის შესახებ და მათი აღმსარებლობის არსი».

საქმის ვითარება შეიცვალა ნიკოლოზ I-ის გამეფების შემდეგ 1825 წელს. 1830 ში მან მიიღო კანონი, რომელიც მალაკნებს და დუხობორებს მიიჩნევდა «განსაკუთრებულ მავნე ერესებად», რომლებთანაც კავშირი გადასახლებას ნიშნევდა. შედეგად, ამ მიმდინარეობების დაახლოებით 10 000 მომხრე გაასახლეს კავკასიაში.

Молокане с повозкой, 1870-е годы. Фото: George Kennan (CC 0), PD US Government

საქართველოში დუხობორები ჩაასახლეს სამცხე-ჯავახეთში და დმანისში, მალაკნები კი აღმოსავლეთ კახეთის სხვადასხვა სოფლებში. სამხრეთ კავკასიელი დუხობორების მკვლევარი მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლიდან Paper Kartuli-ს უყვება, რომ წყაროებში და კვლევებში არ შეხვედრია ცნობებს კონფლიქტების ან აქტიური ურთიერთდამოკიდებულების შესახებ დუხობორებსა და ქართველებს შორის.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კავკასიაში ადგილობრივები დუხობორებს პატივისცემით ეპყრობოდნენ — ადგილობრივებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა შრომის მოყვარეობამ (ორ ძროხასა და ცხენს მთელი სოფლის გამოკვება შეეძლო) და სტუმართმოყვარეობამ.

ამასთანავე დუხობორები ცხოვრობდნენ კომპაქტურად და ფაქტობრივად ჩამოყალიბდნენ ავტონომიურ სახელმწიფოდ, რომელსაც დღეს ექსპერტები “დუხობორიას” უწოდებენ. დუხობორები არ ასიმილირდნენ. პირიქით, როგორც ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს კავკასიაში გადასახლებამ და მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენისგან დაშორებამ მათი საზოგადოების იდენტიფიცირებას შეუწყო ხელი, რომელიც მათ “ეთნიზაციაში” (ეთნოსად ჩამოყალიბებაში) გამოიხატა.

როგორ ცხოვრობდა დუხობორების თემი, რატომ დაწვეს თავიანთი იარაღი და რა შუაშია აქ ლევ ტოლსტოი

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში დუხობორების მეთაური ქალი იყო. 1865 წელს მათი სულიერი ლიდერი პეტრე კალმიკოვი მოულოდნელად გარდაიცვალა და რამდენადაც მას შვილები არ ჰყავდა იგი მისმა ცოლმა ლუკერია ვასილევნა კალმიკოვამ შეცვალა. მას ჰქონდა უნარი მოეგვარებინა კონფლიქტები სექტის წევრებსა და კავკასიის ადმინისტრაციულ ხელისუფლებას შორის, ამიტომაც მისი მმართველობის დროს დუხობორები შედარებით წყნარად ცხოვრობდნენ.

ერთი მხრივ ლუკერია კალმიკოვა ცდილობდა არ დაეშვა თემის შიგა საქმეებში ადგილობრივი ადმინისტრაციული ხელისუფლების ჩარევა. მეორე მხივ, მას უწევდა წასულიყო დათმობაზე ხელისუფლებასთან ურთიერთობისას: ცნობილია, რომ იგი ურთიერთობდა მეფისნაცვალთან კავკასიაში, დიდ თავად მახაილ ნიკოლაევიჩთან, რომელიც ზოგჯერ დუხობორების სოფლებში ჩერდებოდა.

კალმიკოვას გარდაცვალების შემდეგ თემში განხეთქილება მოხდა, რომელიც დამთავრდა რუსეთის პაციფიზმის ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი ეპიზოდით: იარაღის დაწვით, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გამოყენებულიყო ლოკალური შეტაკებებისას თურქებთან და აზერბაიჯანელებთან.

1895 წლის 29 ივნისს, ღამით დუხობორები შეიკრიბნენ ახალქალაქის სოფელ ორლოვკასთან, შეაგროვეს კაჟიანი თოფები, გადაასხეს ნავთი და დაწვეს. თვითმხილველების მოგონებებით “კოცონი სიმაღლეში 2 და შემოწირულობით 25 საჟენი იყო”. შემდეგ ღამეს დარჩენილი ფოლადის ნაწილები გაადნეს სამჭედლო ბუხრებში და ლოცვა დაიწყეს. ლოცვაზე ორი ათასამდე კაცმა მოიყარა თავი.

ლევ ტოლსტოის და პავლე ბირიუკოვის მასალებში ამ აქციის მნიშვნელობა ასეა ახსნილი: ”იმისათვის რომ შევაფასოთ ეს საქციელი, უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს იარაღი კავკასიაში. კავკასიაში იარაღის ტარება არ ნიშნავს მხოლოდ ჩვევას, არამედ აუცილებელია ყველასათვის. იარაღით დადიან ქალაქში, სტუმრად, იარაღით მგზავრობენ და მუშაობენ, მწყემსავენ, რათა მტრისგან და ნადირისგან თავი დაიცვან”.

Сожжение огнестрельного оружия духоборами в знак протеста против военного призыва в 1895 году. Набросок Уильяма Перехудова, опубликованный в Koozma J. Tarasoff, «Иллюстрированная история духоборов», Modern Press, Saskatoon: 1969

რატომ დაწვეს დუხობორებმა იარაღი:

  • ამოსავალი წერტილი გახდა გაყოფა “დიდ” და “პატარა” პარტიებად ლუკერია კალმიკოვას სიკვდილის შემდეგ. თანაც “პატარა პარტიამ” დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართა , რის შედეგადაც “დიდი პარტიის” ლიდერი პეტრე ვერიგინი ციმბირში გადაასახლეს.
  • გადასახლებაში ვერიგინი ბევრს კითხულობდა, მიმოწერა ჰქონდა ლევ ტოლსტოისთან და მის მიმდევრებთან. ის გაიტაცა მწერლის არაძალადობრივმა იდეებმა, ვეგეტარიანობამ, ასევე კვაკერულმა პაციფიზმმა. ვერიგინს მიმოწერა ჰქონდა დუხობორების „დიდ პარტიასთან”, წერილებში ის მათ აძლევდა რჩევებს, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ და რა გაეკეთებინათ.
  • ბევრი დუხობორი, პეტრე ვერიგინის გავლენით, ვეგეტარიანელი გახდა. ისინი ცდილობდნენ გამოეყენებინათ არაძალადობრივი პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ყველაზე მეტად შეეფერებოდა მათ რწმენას და რომელსაც ადრე ოფიციალური დოქტრინა არ ჰქონდა. დუხობორების ნაწილმა არ გაიზიარა საერთო საკუთრების და ვეგეტარიანობის იდეა და დატოვა «დიდი პარტია». მათ კი, ვინც პეტრე ვერიგინს დუხობორების სულიერ მენტორად თვლიდა, „პოსტნიკები“ (მარხულები) უწოდეს.
  • პეტრე ვერიგინის მსოფლმხედველობის განვითარებაში შემდეგი ეტაპი იყო მისი მითითებები დუხობორებისთვის: არ დაედოთ ფიცი მეფისთვის, არ მოეკლათ ღმერთის შექმნილი არც ერთი არსება, და, შესაბამისად, არ მიეღოთ მონაწილეობა ომში. ვინც უკვე ჯარში მსახურობდა, მათ ვერიგინი ურჩევდა ოფიცრებისთვის დაებრუნებინათ ფორმა და იარაღი.
  • ამ აქციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დუხობორებისთვის, ვინაიდან ეს იყო დეკლარაციული პაციფიზმიდან (რომელიც რუსეთის იმპერიის და სამხრეთ კავკასიის რეალიებს მორგებული იყო) პრინციპულ პაციფიზმზე გადასვლა. გარდა ამისა, ეს ქმედება ნიშნავდა ღია კონფლიქტს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებასთან.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა დუხობორებს ძალადობრივი ქმედებებით უპასუხეს, ბევრი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. განსაკუთრებით სასტიკ დევნას დუხობორები ტფილისის გუბერნიაში განიცდიდნენ”, — ამბობს ვიქტორია პერეტიცკაია.

განსაკუთრებული სისასტიკით კაზაკები გამოირჩეოდნენ. ისინი სცემდნენ და ძარცვავდნენ დუხობორებს, აუპატიურებდნენ ქალებს, წერს ისტორიკოსი ნიკოლას ბრეიფოგლი წიგნში „ერეტიკოსები და კოლონიზატორები“.

შემდგომი დევნის თავიდან ასაცილებლად, ბევრი სექტანტი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. ლევ ტოლსტოის და ევროპის საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების აქტიური მხარდაჭერის წყალობით, შესაძლებელი გახდა დუხობორების ნაწილის კანადაში ემიგრაციის ორგანიზება. 1898-1899 წლებში დაახლოებით 7,5 ათასმა დუხობორმა დატოვა რუსეთის იმპერია. ისინი მეტწილად კანადის პროვინცია სასკაჩევანში დასახლდნენ.

როგორ იმოქმედა მალაკნებისა და დუხობორების დასახლებებზე კოლექტივიზაციამ, რეპრესიებმა და სსრკ-ს დაშლამ

ამიერკავკასიის მალაკნებისა და დუხობორების ისტორიაში შემდეგი ეტაპია 1917 წლის რევოლუცია. პირველი ათი წლის განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლება სექტანტებს, მათ შორის საქართველოს მალაკნებსა და დუხობორებს, უკეთესად ექცეოდა, ვიდრე სხვა რელიგიის მიმდევრებს: კომუნისტები მათ ცარიზმის მსხვერპლად თვლიდნენ. ამის შესახებ კულტურის მკვლევარი და ისტორიკოსი ალექსანდრე ეტკინდი წერდა თავის წიგნში „მათრახი: „სექტები, ლიტერატურა და რევოლუცია“.

1920-იანი წლების ბოლოს ყველაფერი შეიცვალა. კოლექტივიზაციამ გაანადგურა მალაკნებისა და დუხობორების ჩვეული სამყარო და ყოველდღიურობა. თუმცა, მთლიანობაში მათ შეძლეს შეწყობოდნენ ახალ ცხოვრებას სსრკ-ში. მაგალითად, დუხობორების კოლმეურნეობები, რომლებიც ყველს აწარმოებდა, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა, წერს უმცირესობების პრობლემების ევროპული ცენტრი.

ზოგადად, ამიერკავკასიელ მალაკნებსა და დუხობორებს დევნა ნაკლებად შეეხო, ვიდრე სხვა საბჭოთა სექტანტებს, როგორიცაა ორმოცდაათიანელები ან მეშვიდე დღის ადვენტისტები. ემ სექტების წევრები იძულებულნი იყვნენ სარდაფებში დამალულყვნენ და ელოცათ, მალაკნებს კი შეეძლოთ ღიად ლოცვა. მაგრამ ლოცვა უნდა მომხდარიყო ზედამხედველის თანდასწრებით. მალაკნებს ასევე ეკრძალებოდათ ახალგაზრდებისა და პარტიის წევრების სექტაში მიზიდვა, წერდა მკვლევარი იულია ანდრეევა.

სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში და მისი დაშლის შემდეგ მალაკანთა და დუხობორთა უმეტესობამ დატოვა საქართველო. მიზეზად ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეკონომიკურ სირთულეებს და ნაციონალიზმის აღზევებას ასახელებდნენ.

ანტროპოლოგი იულია ანდრეევა, რომელიც ამიერკავკასიაში მალაკნების შესახებ საველე კვლევებს ახორციელებდა, გვიყვება: „ჯერ კიდევ 1980-იან წლებში მალაკნებთა შეკრებები თბილისში მრავალრიცხოვანი და შესამჩნევი იყო. ახლა საქართველოში ძალიან ცოტა მალაკანია დარჩენილი. უმრავლესობა ან რუსეთში წავიდა ემიგრაციაში, ან შეუერთდა საქართველოს სხვა „რუსულ“ მოსახლეობას“.

თუმცა მალაკანების და დუხობორების მასობრივ ემიგრაციას საქართველოდან არ მოჰყოლია მათი სრული გაქრობა ქვეყნის ცხოვრებიდან:

„მალაკნების რელიგიური თავისებურებისა და მათი საქართველოში ხანგრძლივი ყოფნის ისტორიის წყალობით, მათ შეინარჩუნეს იდენტობა“, — განმარტავს ანდრეევა. მალაკნების შესახებ ინფორმაცია და მეხსიერება მეტწილად იმ სოფლებშია შემორჩენილი, რომლებიც ისტორიულად მალაკანთა სოფლებად ითვლებოდა. თავიანთ უჩვეულო წარმომავლობას ხშირად იხსენებენ ისინი, ვინც უკვე ძალიან შორს არიან რელიგიისგან, დაქორწინებულნი არიან მართლმადიდებელ ქრისტიანებზე, მაგრამ ახსოვთ, ბავშვობაში როგორ დადიოდნენ შეხვედრებზე ან მონაწილეობდნენ გუნდურ სიმღერებში.“

როგორ ცხოვრობენ დუხობორები და და მალაკნები 21-ე საუკუნეში

2013 წლიათვის საქართველოში 800-მდე მალაკნელი ცხოვრობდა. ისინი კახეთში ცხოვრობდნენ და, როგორც ჩანს, შეძლეს ქართველებთან სტაბილური ურთიერთობის დამყარება.

  • დიდი ხნის მაძილზე, სსრკ-ს ბოლო წლებშიც კი შენარჩუნებული იყო ენდოგამია, ამიტომ მალაკნებსა და ქართველებს შორის ქორწინებები თითქმის არ ხდებოდა. თუმცა დღეისათვის ამ აკრძალვას აღარ იცავენ. ყველა, ვისაც გავესაუბრეთ, თბილად მოიხსენიებდა სააკაშვილს, რომელმაც „წესრიგი დაამყარა ქვეყანაში“, — ამბობს ანდრეევა.

ასევე იხსენებენ 90-იან წლებს, როდესაც გაჩნდა ენის, სამსახურის და განათლების პრობლემები, თუმცა, როგორც ანდრეევა თვლის, ეს გამოწვეული იყო კონკრეტული სირთულეებით და მალაკანთა თემის საერთო შემცირებით:

  • საბჭოთა კავშირის დაშლამდე, კიდევ იყო შემორჩენილი მალაკანთა ლოკალური დასახლებები, ამიტომ სიტუაცია იძაბებოდა, როდესაც მალაკნები მიდიოდნენ და მათ სახლებს ქართველები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები იკავებდნენ. თანდათან მალაკნების რაოდენობა მალაკნურ სოფლებში იკლებს -ეს მათში იწვევს სევდას და წყენას, თუმცა ისიც ესმით , რომ ეს გარდაუვალი პროცესია.

Старинный дом духоборов в селе Ефремовка, Грузия. Фото: Alexander Abuladze (CC BY 2.0)

ქართველებს მალაკნები დაამახსოვრდათ, როგორც დევნილი რელიგიური ორგანიზაცია- აღნიშნავს ანდრეევა. მიუხედავად ამისა, როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, მალაკნობა არ ჩამოყალიბდა სრულფასოვან ტრადიციად:

  • ქართველ მალაკანთა უმრავლესობა ან ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირდა, ან რუსეთში გეგმავს გადასვლას და თავს ჩვეულებრივ რუსებად თვლის. მათი შვილები და შვილიშვილები უკვე მონათლულნი არიან მართმადიდებლებად და ამიტომაც ისინი, მიუხედევად იმისა, რომ ამაყობენ რელიგიით და წინაპრების ტრადიციებით, მომავალ თაობას მაინც „მეინსტრიმის„ ფარგლებში ხედავენ.

თავის მხრივ, დუხობორებიც (2022 წლისთვის სამცხე-ჯავახეთში მათი რაოდენობა ოდნავ აღემატებოდა 100-ს) განიცდიან სიმცირეს, მაგრამ ამასთანავე, ისინი მეტად ემიჯნებიან რუსეთს. ამ ჯგუფების მკვლევარმა ურბანისტმა გავრიილ მენშოვმა ყურადღება მიაქცია შემდეგს:

რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ასევე გამოიწვია პუტინის პიროვნებამ და მის მიერ დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმაც. დუხობორები თავს ქართველ რუსებად თვლიან, ისინი კმაყოფილნი არიან ქართული სახელმწიფოთი, კმაყოფილნი არიან სამედიცინო და სოციალური ინფრასტრუქტურით, გზებით. აღნიშნავენ რომ არ არიას კორუფცია და პროტექცია.

ჰგვანან თუ არა 2022 წლის ემიგრანტები დუხობორებსა და მალაკნებს

მალაკნები და დუხობორები პირველი რუსები იყვნენ, რომლებიც საქართველოში დასახლდნენ. ისინი იყვნენ პაციფისტები, რომლებსაც დევნიდა რუსეთის იმპერიის ხელისუფლება.

ანტროპოლოგი, კვლევითი პროექტის „Exodus-22“-ის მონაწილე ეკატერინა ჩიგალეიჩიკი ერთმანეთს ადარებს სულიერ ქრისტიან რუსებსა და 2022 წლის ემიგრანტებს და მსჯელობს მათი მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ:

დღევანდელი ემიგრანტები, ისევე როგორც დუხობორები და მალაკნები, რა თქმა უნდა, ომის წინააღმდეგნი არიან და ეს გახდა სწორედ მათი მიგრაციის მიზეზი. მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელი მიგრაციის ძირითადი მიზეზი რადიკალური პაციფიზმი იყოს. ომის მიუღებლობა — დიახ: ის, რომ მათ არ სურთ მკვლელობაში მონაწილეობა (ვინც მობილიზაციას გამოექცა) და ასევე არ სურთ თავიანთი გადასახადებით ომის სპონსორობა -ამას ყველა იმეორებს ინტერვიუში (თანამედროვე ემიგრანტები).

ჩიგალეიჩიკის აზრით, დუხობორებს, მალაკნებს და 2022 წლის ემიგრანტებს აერთიანებს ადგილობრივ საზოგადოებასთან ურთიერთობის დაბალი დონე. თუმცა თავად მათი საზოგადოებების (თემების) სტრუქტურა პრინციპულად გასხვავებულია, აღნიშნავს მკვლევარი:

-ეს არის ის რაც მათ აქცევს დუხობორებად და მალაკნებად — ზუსტად ორგანიზებული, იდეოლოგიური და ეკონომიკური მსხვილი დაჯგუფება. სწორედ ამის გამო დღევანდელი ემიგრანტები მათგან გასხვავდებიან. მართალია, ისინი უმეტესად ცხოვრობენ ემიგრაციულ „ბაბლში“, მაგრამ ეს არ გახლავთ მყარი და მტკიცე წრე.

შესაბამისად, თანამედროვე ემიგრანტებს არ ჰყავთ წარმომადგენელი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ან ილაპარაკებს მათი სახელით. ამის გამო თვითწარმოდგენის ერთადერთი საშუალება „ხმათა სიმრავლეა“. შედაგად, მიუხედავად თავდაპირველი მსგავსებისა, ორივე ტალღას (ჯგუფს) აერთიანებს გამგზავრება არა „საით“ არამედ „საიდან“: რეპრესიული სახელმწიფოდან ახალ სივრცეში.

Как пережить сложные времена? Вместе 💪

Поддержите нашу работу — а мы поможем искать решения там, где кажется, что их нет

поддержать «Бумагу»

Что еще почитать:

Бумага
Авторы: Бумага
Если вы нашли опечатку, пожалуйста, сообщите нам. Выделите текст с ошибкой и нажмите появившуюся кнопку.
Подписывайтесь, чтобы ничего не пропустить
Все тексты
К сожалению, мы не поддерживаем Internet Explorer. Читайте наши материалы с помощью других браузеров, например, Chrome или Mozilla Firefox Mozilla Firefox или Chrome.